კანალიზაცია მტკვარში
Investigative Media Lab

“Რამდენი წელია, აქ ვცხოვრობ, მაგრამ ასეთი მდგომარეობა არასდროს ყოფილა. თევზი წყდება, ისეთი ჯიშები წყდება, წითელ წიგნში რომ იყო შეტანილი. დაბინძურება ყველაფერზე აისახება, წყლის სისუფთავეზე, გარემოზე, ვის სიამოვნებს აქ ყოფნა - სუნი დგას ხოლმე ისეთი… რა არ მინახავს, ამ წყალს არ წამოეღოს…

ავიღოთ გლდანულა, გინდაც სოფელი, გინდაც მდინარე. თუ გავყვებით მაღლა, ცხვარიჭამიამდე, სადაც მდინარე იწყება, ახალი გაშენებული სოფლებია, ყველას კანალიზაცია თვითნებურად შეერთებულია გლდანულაზე. Რა თქმა უნდა, გლდანულა უერთდება მტკვარს. ამაზე ყველა თვალს ხუჭავს.

დიღმის ტერიტორიაზე, მდინარე დიღმულა რომ ჩამოდის, იგივე ხდება. გამოდის, რომ მტკვარი ისევ კანალიზაციითაა სავსე”, - გვითხრა მეთევზემ, რომელსაც ანონიმურობის დაცვის გარანტიით დიღმის ტერიტორიაზე, მტკვრის პირას ვესაუბრეთ.


»
საკანალიზაციო წყლებით მტკვრის დაბინძურებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ თბილისის ფარგლებში ამონიუმის იონის კონცენტრაცია ზღვრულ ნიშნულს აჭარბებს .

“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქ. თბილისის ფარგლებში მდინარე მტკვარში ამონიუმის იონის კონცენტრაციის საშუალო წლიური მაჩვენებლები აჭარბებს ზღვრულ დონეს. ამის მიზეზია ურბანული ჩამდინარე წყლები, რომლებიც ჩამდინარე წყლების შემკრები სისტემის გვერდის ავლით შეიძლება ხვდებოდეს მდინარე მტკვარში და მის შენაკადებში”, - გვეუბნება გარემოსდაცვითი ექსპერტი, თამარ გუგუშვილი.

მდინარეში მძიმე ლითონების მაღალი კონცენტრაცია სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და წყლის ორგანიზმებისთვის. მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაბინძურებული წყლის სარწყავად გამოყენებასაც.

OECD-ის ანგარიშის მიხედვით, გაუფილტრავი საკანალიზაციო წყლები დაბინძურების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ბოტკინი (ჰეპატიტი ა) და ტიფი მეტწილად ასეთი წყლის მოხმარების შედეგად ვრცელდება.

მტკვარში კანალიზაცია 2018 წლის მაისიდან აღარ უნდა ჩაედინებოდეს. ამ და სხვა ვალდებულებების შესრულება კომპანია GWP-იმ 220 მილიონ $-იანი საინვესტიციო ხელშეკრულებით იკისრა. ვალდებულებები მოიცავს თბილისის უწყვეტ წყალმომარაგებას, სასმელი წყლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, სასმელი და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციასა და მდინარე მტკვარში საკანალიზაციო წყლების ჩადინების აღკვეთას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) საქართველოში წყალმომარაგების მონოპოლისტი კომპანიაა, რომელიც თბილისსა და მცხეთას სასმელი წყლით უზრუნველყოფს. კომპანია 510 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება. 2023 წელს GWP-ის წმინდა მოგებამ 106 034 000 ლარი შეადგინა.

“გარემოს დაცვის ინსპექცია, მერია, თუ GWP აქ გაჩერებული, ჩავლილი, ამოვლილი არ დამინახავს. რაღაც სპეც-სამსახური ხომ უნდა ჰქონდეს ამ GWP-ს, რომელიც აკონტროლებს მტკვარს, ან წყლის სინჯს იღებს. ასეთი რამე არ მინახავს,” - ამბობს მეთევზე. მას მდინარის დაბინძურების კონკრეტულ ადგილებზე ვკითხეთ.

ფოტო: ტიმოთე მერქელი

გლდანულა
მეთევზეების ნაამბობის გადამოწმება მდინარე გლდანულიდან (იგივე გლდანისხევი) დავიწყეთ. დავით აღმაშენებლის ქუჩის 48 ნომერში ადგილობრივი მცხოვრებლები შევნიშნეთ. “როგორ მოგწონთ ჩვენი მდინარე?”, - ამ სიტყვებით შემოგვეგებნენ ხიდზე, სადაც კანალიზაციის სუნის გამო სუნთქვა მალევე გართულდა.

ადგილობრივებმა აგვიხსნეს, რომ დასახლების ცენტრში გაუსაძლისი სუნის მიზეზი ხიდს ქვემოთ, მდინარე გლდანულაზე მიერთებული კანალიზაციაა. მათივე ცნობით, 17 წელია ეს პრობლემა აწუხებთ.

“გავაკეთებთო გვეუბნებიან. დავიღალეთ უკვე”, - გვეუბნება გლდანულას მცხოვრები, ირაკლი ჩხიკვიშვილი და მიერთების წერტილისკენ მიგვიძღვება. ხევში, ფართო ნაპირას, სადაც მდინარე თითქმის დამშრალია, მილიდან კანალიზაციის წყალი მოჩხრიალებს. სანიტარული-ჰიგიენური პირობებისა და სუნის გამო იქ ყოფნა გაუსაძლისი ხდება.

“აი, ეს სიბინძურე, რასაც უყურებთ, ბავშვები გადმოდიან იქიდან, აქედან…ბავშვი მოვა, შეიძლება პირი დაიბანოს, წყალი გადაყლაპოს და უბედურება დაემართოს. ეს ვერ მოუწესრიგებიათ…ამაზე იმდენი განცხადება გვაქვს დაწერილი… ათი შვილიშვილი მყავს…რატომ უნდა ისუნთქონ ჩვენმა ბავშვებმა ცუდი ჰაერი?!”

ირაკლი გვიხსნის, რომ გლდანულას დასახლებას საკუთარი კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემა აქვს, რომელთანაც აღნიშნული წერტილი მიერთებული არ არის და იგი ღიად მდინარეში მიედინება.

“აქ ზემოთ არის სოფელი რიყიანი, მათი კანალიზაცია მოდის ჩვენთან. კობერიძის ქუჩის მაღლა, იქიდან მოდის ეს წყალი, აი, “წითელ გაჩერებას” რომ ეძახიან, იქ გადმოდის. ეს უნდა გადააერთონ ცენტრალურ კანალიზაციაზე. მილი აქვეა”.

ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრობის” თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის თქმით, ეს პრობლემა მთელ ქვეყანას აწუხებს. "მთელ საქართველოში ძირითადად ვართ ჩეჩმებზე, ჩვენ საკანალიზაციო ცენტრალური სისტემები სოფლებში არ გვაქვს. 2000-მდე ადამიანი თუ ცხოვრობს დასახლებულ პუნქტში, მას უნდა ჰქონდეს ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემა.”

“გლდანულა მტკვრის შენაკადია და, რა თქმა უნდა, გლდანულას დაბინძურებას წვლილი შეაქვს მტკვრის დაბინძურებაში. საბოლოოდ ყველა ეს მოსახლე უნდა ჩაერთოს კოლექტორში. ნებისმიერი გაუწმენდავი ჩამდინარე წყლის ჩაშვება უკანონოა, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე საწარმოო. უბრალოდ რეალობა ჩვენს ქვეყანაში ისეთია, რომ სადაც შემკრები სისტემა არ არის, მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საკანალიზაციო წყლები პირდაპირ ჩადის მდინარეებში,” - გვეუბნება წყლის რესურსების მართვის ექსპერტი, თამარ გუგუშვილი.

მდინარე გლდანისხევი, იგივე გლდანულა სათავეს საგურამოს ქედის სამხრეთ კალთაზე იღებს და ავჭალასთან მტკვარს უერთდება.


სტატიაზე მუშაობის პროცესში ჩვენ თბილისის მერიასა და GWP-ის დავუკავშირდით და ამ კონკრეტულ მისამართზე მოსახლეობის პრობლემის შესახებ ვაცნობეთ. ასევე, ვთხოვეთ, პასუხის უფლებით ესარგებლათ და ეპასუხათ სტატიაში გაჟღერებული ყველა შესაძლო კანონდარღვევის თუ გარემოსდაცვითი გამოწვევის შესახებ. [უცვლელად გთავაზობთ GWP-დან მიღებულ პასუხს.]

ორთაჭალა

ნორა პაკელიანი თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ცხოვრობს. კორპუსის შესასვლელთან მძიმე სუნი დგას, გამომწვევი მიზეზი კი თვალსაჩინოა - კანალიზაციის ჭა, რომელიც 5 წელია ღიაა და რემონტდება.


“გორგასლის ქუჩის 115 ნომერში კანალიზაცია არის ღია და არის დასამთავრებელი. მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება, სუნი დგას, ხშირად იჭედება. კანალიზაცია მთლიანობაში გამოსაცვლელია. 50 წლის კანალიზაციაა. მოვითხოვთ ქსელს მიუერთდეს და დახურული იყოს,” - გვეუბნება ნორა.


მიუხედავად დისკომფორტისა, ირწმუნება, რომ გამგეობის მუშაობით კმაყოფილია, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას კი GWP-გან ელის. ნორა გვიდასტურებს, რომ ამორტიზებული კანალიზაცია მტკვარს უერთდება. თუმცა, ჩაკითხვის შემდეგ ამბობს, რომ პირადად არ გადაუმოწმებია.

რადგან მტკვარი ორ მაგისტრალს შორისაა მოქცეული, ორთაჭალის ტერიტორიაზე მის ნაპირთან მიახლოება და საკანალიზაციო სისტემის ტრაექტორიას მიყოლა ფიზიკურად შეუძლებელია. თუმცა, სახეზეა ღია საკანალიზაციო ჭა და დაუფარავად, მტკვრის მიმართულებით მილში გაუჩინარებული კორპუსის კანალიზაცია, რომელსაც მდინარესთან შეერთების გარდა სხვა გზა არ გააჩნია.

მტკვრის საკანალიზაციო დაბინძურებაზე ვერ მოვიპოვეთ ვერცერთი საფუძვლიანი კვლევა, ანგარიში თუ ჟურნალისტური ნამუშევარი. ბუნების დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით არ სპეციალიზებიდან. საკითხის ირგვლივ რჩება მხოლოდ მოხალისეობრივი ინიციატივები.

პრობლემის მასშტაბისა და იმის დასადგენად, რამდენად აღრიცხავენ შესაბამისი უწყებები მტკვრის დაბინძურების შემთხვევებს, ჩვენ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან 2019-2024 წლებში მტკვრის დაბინძურების სტატისტიკა გამოვითხოვეთ. დედაქალაქში მტკვრის დაბინძურებისთვის უკანასკნელ წლებში სულ 11 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს, რაც აჩენს კითხვებს, ხომ არ რჩება მდინარის დაბინძურების ცალკეული შემთხვევები ყურადღების მიღმა.


»
  • თბილისის მდინარეები

ქალაქის სხვადასხვა მხრიდან მტკვარში მინიმუმ 10 მდინარე ჩაედინება. “ფაქტობრივად, ამ მდინარეებიდან ყველა დაბინძურებულია, გარდა ლეღვთახევის მდინარისა, რომელიც ბოტანიკურ ბაღში გადის. მდინარე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ჩამოედინება,” - ამბობს ტიმოთე მერქელი, მოლაშქრე და ტურისტული გიდი.


იგი აშშ-დან საქართველოში პირველად 2009 წელს ჩამოვიდა, როგორც ინგლისურის მასწავლებელი. ბოლო ხუთია წელია, მუდმივად საქართველოში ცხოვრობს, საკუთარი ტურისტული კომპანია დააარსა და მსურველებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს აცნობს. ქართულ კულტურასა და ბუნებაზე შეყვარებული ტიმოთე მდინარეებზე დაკვირვებითაც არის დაკავებული.

“ეს ინტერესი უკავშირდება ენერგიას, მის ნაკადს, თუ საიდან მოდის, სად მიდის წყალი. ასევე, სეირნობაც მიყვარს. ამიტომ თბილისსა და მის შემოგარენში მდინარეების გასწვრივ სიარული დავიწყე, რომ მათი ისტორია გამომეკვლია.


მტკვრის გარდა, უამრავი პატარა მდინარე გვაქვს. მათ ხშირად ვერ ვამჩნევთ. ისინი ჩვენგან დამალულები არიან.

მათი უმეტესობა ნაგვითაა სავსე და ან სანიაღვრე არხში, ან მილში არიან მოქცეულები. ისინი თბილისის იდენტობის ნაწილი არ არიან. არც მტკვარია თბილისის იდენტობის ნაწილი.”


გადაწყვიტა, მდინარეებს გაჰყოლოდა და ნანახი ხალხისთვის გაეზიარებინა. ასე შექმნა ინსტაგრამის გვერდი - თბილისის მდინარეები, რომელიც მალევე გახდა პოპულარული.


"გასაკვირი იყო ის, რომ მივდიოდი ადგილებში, სადაც წყლის მოლოდინი მქონდა, მაგრამ წყალი არ მხვდებოდა. ვფიქრობ, რომ გარდა სეზონურობისა, მდინარეების დაშრობას ხშირად მისი სანიაღვრე სისტემებთან დაერთება იწვევს. ასე ბევრი მდინარე ქალაქის სანიაღვრე სისტემის ნაწილი გახდა.

ასევე, დიდი გამოწვევაა წყლის სისუფთავე. მდინარეები ხშირად საყოფაცხოვრებო და საკანალიზაციო ნარჩენებითაა დაბინძურებული.”


წყლის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, აკრძალულია წყლის ობიექტებსა და წყალარინების სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრა. ასევე - ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საკანალიზაციო სისტემაში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება.

კრწანისი, ვაზისუბანი, ლისი - ფოტო: ტიმოთე მერქელი

ტიმოთე ყველა ასეთი დაბინძურებული ადგილის დოკუმენტირებას ახდენს. “არ ვიცი, არსებობს თუ არა ერთი ადამიანი ხელისუფლებაში ან არასამთავრობო სექტორში, რომელმაც კონკრეტულად იცის, თუ რა რა იწვევს თბილისში წყლის დაბინძურებას,” - აცხადებს იგი.


“ბევრ ადამიანს საქართველოში დღეს არ აქვს რწმენა, რომ ცვლილება შესაძლებელია. არის ნიჰილიზმი და არის შიში. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ ვართ იმ ეტაპზე, სადაც არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. შესაძლოა ბიზნეს სექტორის სისტემური რეფორმა ვერ მივიღოთ, მაგრამ კონკრეტული შემთხვევების გახმოვანებით, ინფორმაციის გავრცელებით, შესაძლოა გარკვეული პრეცედენტის, ჩარჩოს შექმნა, რისი გამოყენებაც შემდეგ უფრო ფართოდ იქნება შესაძლებელი,” - ამბობს ტიმოთე მერქელი.


»
  • კანონმდებლობა და რეკომენდაციები

საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა წყლის სხვადასხვა ტიპის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა, ასევე, გამწმენდ ნაგებობათა და მოწყობილობათა ეფექტიანობის უზრუნველყოფა. ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მდინარეებისა და წყლის რესურსების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოსთვის აუცილებლად შესასრულებელ ვალდებულებად იქცა.


2023 წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი “წყლის რესურსების მართვის შესახებ”. ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის თქმით, წყლის კანონი 2020 წელს უნდა მიგვეღო, თუმცა პროცესი კონკრეტული სამინისტროების წინააღმდეგობის გამო გაიწელა.


წყლის კანონს რამდენიმე მიზანი აქვს, ერთ-ერთი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტოს ავალდებულებს, 2027 წლის 1 სექტემბრამდე კომპლექსური ღონისძიებები შეიმუშაოს ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


“გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა უკვე ბიოლოგიურ და მექანიკურ გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს, მაგრამ მასზე სრულად დაერთებული თბილისი და რუსთავიც არ არის. თბილისის ახალი საზღვრები საერთოდ არ არის შეყვანილი საკანალიზაციო სისტემაში. უმძიმესი საკითხია. ჩვენ არ გვაქვს გამწმენდი ნაგებობები მტკვარზე. ყველა დიდ ქალაქს უნდა ჰქონდეს გამწმენდი ნაგებობა,” - აცხადებს ჩხობაძე.

ამ მიმართულებით, პროგრესის ნელ ტემპს ადასტურებს 2022 წლის საქსტატის მონაცემებიც, რომლის მიხედვით, წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.96 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 52.4%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.90 მილიონი) მხოლოდ 3.1%-ით აღემატება.


2022 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.49 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 39.8%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.36 მილიონი) 9.6%-ით აღემატება.


ISET-ის შეფასებით, იმისთვის, რომ საქართველოში წყლის დაბინძურებით გამოწვეული მავნე ზემოქმედება შემცირდეს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მტკვრის წყლის ინტეგრირებული მართვის გეგმა შემუშავდეს და დაბინძურების წერტილოვანი წყაროები აღიწეროს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მტკვრის წყლის ხარისხს ეტაპობრივად გააუმჯობესებს გაცვეთილი გამწმენდი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების განახლება.

ასევე, დაბინძურების შესამცირებლად, რეკომენდებულია ზედაპირული წყლების აღების გადასახადების, დაბინძურების გადასახადების და უკანონო ნარჩენების გადაყრისთვის ჯარიმის შემოღება.

წყლის რესურსების მართვის ექსპერტის, თამარ გუგუშვილის შეფასებით, “როცა საუბარია ქსელის გაფართოებაზე და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებაზე, როგორც წესი ეს ლიცენზიანტი კომპანიის სახსრებით არ არის შესაძლებელი. ჩამდინარე წყლების შემკრები და გამწმენდი სისტემების მშენებლობა დიდ საინვესტიციო ხარჯებს უკავშირდება და საქართველოს რეგიონებში ასეთი სამუშაოები, ძირითადად, დონორების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება”.

»

სტატია მომზადებულია JournalismFund-ის მხარდაჭერით საგამოძიებო მედია ლაბის (IML) პროექტის ფარგლებში.

ფოტო: ტიმოთე მერქელი

ავტორები:
ანა აბაშიძე
ნინო აფაქიძე
ნინო წვერავა

2024
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website